ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მესამე დასკვნა გამოაქვეყნა.
მას 8 სამედიცინო ექსპერტი აწერს ხელს.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ბოლო ვიზიტის შემდეგ, რომელიც 12 დეკემბერს განხორციელდა, მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით ცვლილება არაა და კვლავ არ შესრულებულა რეკომენდაციები სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის თაობაზე.
დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, აქვს წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ანემია და პოსტტრავმული, ნერვული აშლილობა.
"პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ის არ გაუმჯობესებულა, 12 დეკემბრის მერე. გამოხატულია პოლინეიროპათიის სიმპტომატიკა, მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე რჩება ანემია, თუმცა ეს მანამდეც იყო და პოსტტრავმული ნერვული აშლილობა და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, თუმცა ვიხელმძღვანელეთ 12 დეკემბრის ვიზიტით და დაახლოებით იგივე მდგომარეობითაა ახლაც", - ამბობს კონსილიუმის წევრი თენგიზ წულაძე.
კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის მედიკამენტურ მკურნალობაში ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წულაძის თქმით, რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ყოფილი პრეზიდენტის კვების რეჟიმის აღდგენასაც.
ამასთან, კონსილიუმი მიიჩნევს, რომ დამატებითი კვლევების თვალსაზრისით, სააკაშვილს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრამა უნდა ჩაუტარდეს და დაავადების პროგრესირების შემთხვევაში გაგრძელდეს მკურნალობა შესაბამისი კვლევებით.
"ჩვენი დასკვნაა, რომ გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, ვფიქრობ, რომ მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ეს საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი, სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე არ გვაქვს.
ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მის ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც, დამატებითი კვლევის თვალსაზრისით, მიგვაჩნია, რომ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრამა უნდა იყოს ჩატარებული. ხოლო ნევროლოგიური თვალსაზრისი საჭიროა მონიტორინგი და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება, შესაბამისი კვლევების ჩატარებაა სიმპტომატიკის მიხედვით", - თქვა წულაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსტპიტლიდან რუსთავის ციხეში 30 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს.